AhlulBayt News Agency

source : Leader.ir
Thursday

24 December 2015

3:59:12 PM
726719

Full Text;

Second Message of Ayatollah Khamenei to the Western Youth in Georgian

Second Message of Ayatollah Khamenei to the Western Youth in Georgian.

სახელითა ალაჰისა მოწყალისა და მწყალობელისა

ირანის ისლამური რევოლუციის წინამძღოლის მიმართვა დასავლეთის ქვეყნების ახალგაზრდებს

საფრანგეთში ბრმა ტერორიზმის შედეგად მომხდარმა მძიმე მოვლენებმა თქვენთან, ახალგაზრდებთან დიალოგის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ მომცა. ვწუხვარ, რომ მზგავსი ინციდენტები საუბრისა და განსჯის საგანი ხდება, თუმცა თუ ეს მტკივნეული საკითხები არ მოამზადებენ ნიადაგს გადაჭრის გზებისა და ერთსულოვნებისათვის, ზიანი უფრო გაიზრდება. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ნებისმიერი ადამიანის ტანჯვა, მისი ახლობლისათვის თავისთავად დამამწუხრებელია. შეუძლებელია, ყოველგვარი ემოციისა და გრძნობის გარეშე უყურო საკუთარი ახლობლების თვალწინ პატარა ბავშვის სიკვდილის მომენტს, გლოვად ქცეულ ოჯახურ ბედნიერებას დედისთვის, გაურკვეველი მიმართულებით მოძრავ მამაკაცს თავისი მეუღლის ცხედრით ხელში და მაყურებელს, რომელმაც არ იცის, რომ თავისი სიცოცხლის ბოლო ეპიზოდს უყურებს. ნებისმიერი ადამიანი, რომლისთვისაც ნაცნობია სიყვარული და ადამიანობა, დამწუხრდება მზგავსი შემთხვევების დროს, მიუხედავად იმისა თუ სად მოხდა იგი, საფრანგეთში, პალესტინაში, სირიაში, ლიბანსა თუ ერაყში. მილიარდ ნახევარი მუსლიმიც განიცდის ამგვარ შემთხვევებს და გამოხატავს სიძულვილსა და შეურიგებლობას ტრაგიკული შემთხვევების ჩამდენთა მიმართ, თუმცა საქმე იმაშია, რომ თუ დღევანდელი ძნელბედობა, ვერ გახდება უკეთესი და უფრო უსაფრთხო მომავლის საფუძველი, დარჩება მხოლოდ მწარე და უნაყოფო მოგონებად. მჯერა, რომ მხოლოდ თქვენ, ახალგაზრდებს შეგიძლიათ ისწავლოთ დღევანდელი ძნელბედობებისგან, იპოვოთ ახალი გზები მომავლისათვის და გადაეღობოთ იმ შეცდომებს, რომლებმაც დასავლური სამყარო ამჟამინდელ მდგომარეობამდე მიიყვანა.

მართალია, დღეს ტერორიზმი ჩვენი საერთო სატკივარია, მაგრამ უნდა იცოდეთ, იმ ორი ძირითადი სხვაობის შესახებ, რომელიც არსებობს ბოლოდროინდელი მოვლენების დროს თქვენს მიერ განცდილ ტკივილსა და ერაყის, იემენის, სირიისა და ავღანეთის მოსახლეობის ტანჯვას შორის.

პირველი ის, რომ ისლამური სამყარო უფრო ვრცლად, მასშტაბურად და ხანგრძლივი დროით ყოფილა ძალადობისა და ტერორის მსხვერპლი. მეორე სხვაობა კი მდგომარეობს იმაში, რომ ამგვარი ძალადობები სხვადასხვა ფორმებითა და მეთოდებით ყოველთვის წახალისებულია ზოგიერთი ძლიერი ქვეყნის მიერ. დღეს, უკვე ძალიან ცოტანი არიან ისინი, ვინც არ იცის, თუ რა წვლილი მიუძღვის ამერიკას ალყაედას, ტალიბანისა და სხვა მსგავსი ბოროტი დაჯგუფებების შექმნასა და შეიარაღებაში. ამ პირდაპირი მხარდაჭერების ფონზე რადიკალური ტერორიზმის აშკარა და გამოკვეთილი მხარდამჭერები, მიუხედავად ჩამორჩენილი პოლიტიკური სისტემებისა, დასავლეთის მოკავშირეთა რიგებში ირიცხებიან. ამ დროს კი, დემოკრატიაზე აღმოცენებული თანამედროვე ნათელი აზროვნება რეგიონში ყოველთვის თავდასხმის ობიექტს წარმოადგენს. ისლამური სამყაროს გამოღვიძების მიმართ, დასავლეთის ორგვაროვანი მიდგომა აშკარად მეტყველებს დასავლური სამყაროს წინააღმდეგობრივ პოლიტიკაზე.

ეს წინააღმდეგობრივი პოლიტიკა ისრაელის სახელმწიფოებრივი ტერორიზმის წახალისებაშიც ჩანს. პალესტინის ჩაგრული მოსახლეობა სამოც წელზე მეტია, ყველაზე საშინელი ტერორიზმის პირისპირ დგას. ახლა ევროპაში მცხოვრები ადამიანები რამდენიმე დღით საკუთარი სახლებიდან თუ არ გადიან და ერიდებიან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნას, ერთი პალესტინური ოჯახი ათეულობით წელია, რაც საკუთარ სახლშიც კი არ არის დაცული სიონისტთა დამანგრეველი სიკვდილის მანქანებისგან. სისასტიკის თვალსაზრისით რომელი ძალადობა შეიძლება შეედაროს დღეს სიონისტური რეჟიმის მიერ დასახლებების მშენებლობას? აღნიშნული რეჟიმი, რომლის ქმედებები არ ექვემდებარება სერიოზულ და ეფექტურ დაგმობას, მისი მოკავშირეებისა და ვითომ დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, თითქმის ყოველდღე ანადგურებს პალესტინელთა საცხოვრებელ სახლებს და სამეურნეო სავარგულებს, ისე რომ არც კი აძლევს მათ სახლიდან საოჯახო ნივთების გატანისა და მოსავლის აღების საშუალებას. ყოველივე ეს ხდება შეშინებული ქალებისა და ბავშვების თვალწინ, რომლებიც ხედავენ თავიანთი ოჯახის წევრების ცემისა და საპატიმროებში მათი გადაყვანის ფაქტებს. დღევანდელ დღეს ამაზე მასშტაბური, ფართო და დაუსრულებელი სისასტიკე არსებობს კიდევ?

თუ კბილებამდე შეიარაღებული ჯარისკაცის მიმართ პროტესტის გამო შუა ქუჩაში პალესტინელი ქალის ფიზიკური ლიკვიდაცია ტერორიზმი არ არის, რა შეიძლება ეწოდოს მას? რატომ არ უნდა ეწოდოს ექსტრემიზმი ოკუპანტი რეჟიმის სამხედრო მოსამსახურის ასეთ ბარბაროსობას? იქნებ იმის გამო, რომ მზგავსი ფაქტები სამოცი წელია ტელეეკრანებიდან ჩანს და სინდისი არ უნდა გვაწუხებდეს?

ისლამურ სამყაროზე ბოლო წლებში განხორციელებული აგრესიები, რასაც საკმაოდ დიდი მსხვერპლიც ახლდა, დასავლეთის წინააღმდეგობრივი ლოგიკის კიდევ ერთი მაგალითია. სამხედრო აგრესიის ობიექტმა ქვეყნებმა ადამიანური მსხვერპლის გარდა დაკარგეს ეკონომიკური და სამრეწველო ინფრასტრუქტურა. მათი სწრაფვა განვითარებისკენ ან მთლიანად შეჩერდა ან ძალიან შენელდა და ზოგიერთ შემთხვევაში, ქვეყანამ ათი წლით უკანაც დაიწია. მიუხედავად ამისა, თავხედურად ითხოვენ ამ ქვეყნებისგან, რომ თავი არ წარმოაჩინონ ჩაგრულად. როგორ შეიძლება ქვეყანას, სადაც ქალაქი თუ სოფელი ნაცარტუტად არის გადაქცეული, უთხრა, რომ თავი არ წარმოაჩინოს ჩაგრულად. ტრაგედიის დავიწყების მოწოდებას, განა უბრალო მობოდიშება არ სჯობია? ტკივილი, რომელიც აგრესორთა ფარისევლობის შედეგად მიადგა ისლამურ სამყაროს, მატერიალურ მსხვერპლზე არანაკლებია.

ძვირფასო ახალგაზრდებო! იმედი მაქვს თქვენ შესძლებთ ახლაც და მომავალშიც თვალთმაქცობით სავსე მენტალიტეტის შეცვლას. მენტალიტეტის, რომელსაც შესწევს შორსმიმავალი მიზნებისა და ბოროტი ზრახვების დაფარვის უნარი. მიმაჩნია, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, პირველ რიგში უნდა შეიცვალოს აზროვნება, რომელიც შობს ძალადობას. დასავლეთის პოლიტიკაზე ვიდრე ორმაგი სტანდარტები იქნება გამეფებული და მოხდება ტერორიზმის დაყოფა პოზიტიურ და ნეგატიურ ტერორიზმად და ვიდრე სახელმწიფოთა ინტერესები ჰუმანურ და ზნეობრივ ფასეულობებზე მაღლა იქნება დაყენებული, შეუძლებელია ძალადობის ფესვების სხვა ადგილზე ძებნა.

სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ძალადობის ფესვები ღრმად შეიჭრა დასავლეთის კულტურის პოლიტიკაში და შექმნა ერთგვარი რბილი და ჩუმი აგრესია. მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყანა ამაყობს თავისი ძირძველი ეროვნული კულტურით. ამ კულტურებმა განვითარებასთან ერთად საუკუნეების მანძილზე შესძლეს საზოგადოებების დაპურება. ამ მხრივ, არც ისლამური სამყარო წარმოადგენდა გამონაკლისს, მაგრამ დღევანდელ ეპოქაში დასავლური სამყარო თანამედროვე საშუალებებით ცდილობს მსოფლიოს კულტურათა შერევასა და ასიმილაციას. მე, სხვა ერებისათვის დასავლური კულტურის თავს მოხვევასა და დამოუკიდებელი კულტურების დაკნინებას, ერთგვარ ჩუმ და ძალზედ საზიანო ძალადობად მივიჩნევ. მდიდარი კულტურების დამცირება და მათი ღირებულებების შეურაცხყოფა ისეთ ვითარებაში ხდება, როდესაც ჩასანაცვლებელ კულტურას საერთოდ არ გააჩნია ჩანაცვლების პოტენციალი. მაგალითად, უხეშობა და ზნეობრივი თავაშვებულობა, რომლებიც სამწუხაროდ, იქცა დასავლური კულტურის მთავარ კრიტერიუმებად, უფრო მისაღები და პოპულარულია ამ კულტურის სამშობლოში. შესაბამისად, ჩნდება კითხვა რა ბრალი მიგვიძღვის ჩვენ თუ არ გვსურს სიძულვილისა და გარყვნილების უშინაარსო კულტურა? ნუთუ დამნაშავენი ვართ, როდესაც ვცდილობთ წინ აღვუდგეთ და შევაკავოთ ის დამანგრეველი ღვარცოფი, რომელიც ფსევდოხელოვნების სახით მიემართება ჩვენი ახალგაზრდებისკენ? მე არ უარვყოფ კულტურათა ურთიერთქმედების მნიშვნელობასა და ღირებულებას. კულტურათა ურთიერთქმედებას ბუნებრივ და პატივისცემის პირობებში ყოველთვის მოჰყოლია საზოგადოების ზრდა და განვითარება. კულტურათა ძალდატანებითი ურთიერთქმედება კი ყოველთვის წარუმატებელი და საზიანოა. ღრმა მწუხარებით უნდა აღვნიშნო, რომ ერაყისა და ლევანტიის ისლამური სახელმწიფოს მზგავსი გარეწარი დაჯგუფებები წარმოადგენს იმპორტირებულ კულტურებთან წარუმატებელი შეკავშირების ნაყოფს. ეს რომ ყოფილიყო მრწამსის პრობლემა, მაშინ მზგავს პროცესებს ჯერ კიდევ კოლონიალიზმის ეპოქამდე ექნებოდა ადგილი ისლამურ სამყაროში. ისტორია კი სულ სხვა რამეზე მეტყველებს. სანდო ისტორიული დოკუმენტებიდან ნათლად ჩანს, თუ როგორ დათესა რეგიონში– პრიმიტიული ტომის გულში ექსტრემიზმის თესლი, კოლონიალიზმის შეჯახებამ ექსტრემისტულ აზროვნებასთან.

სხვა შემთხვევაში, როგორ შეიძლება მსოფლიოს ერთ-ერთი ჰუმანური და ზნეობრივი რელიგიიდან, რომლის ძირითად დებულებებში ერთი ადამიანის მკვლელობა გაიგივებულია კაცობრიობის მკვლელობასთან, აღმოცენებულიყო ისლამური სახელმწიფოს მზგავსი სისაძაგლე?

სხვა მხრივ საკითხავია, რატომ უერთდებიან ევროპაში დაბადებული და სულიერად თუ ინტელექტუალურად აღზრდილი ადამიანები მზგავს დაჯგუფებებს? შეიძლება იმის დაჯერება, რომ ეს ადამიანები საომარ რეგიონებში რამდენიმე ვიზიტის შემდეგ იმდენად ექსტრემისტები ხდებიან, რომ მზად არიან თავიანთი თანამემამულეები ჩაცხრილონ? არ უნდა დაგვავიწყდეს არასწორ და ძალადობის წარმომშობ საზოგადოებაში გამეფებული არაჯანსაღი კულტურის გავლენა. ამ მხრივ უნდა გვქონდეს მრავალმხრივი ანალიზი. ანალიზი, რომელიც იპოვის საზოგადოების დაფარულ და ღია მანკიერებებს. შესაძლოა, ინდუსტრიული და ეკონომიკური განვითარების წლებში უთანასწორობით, სტრუქტურული და სამართლებრივი დისკრიმინაციით დასავლურ საზოგადოებებში დათესილი ღრმა სიძულვილის თესლი დასაბამს აძლევს უკმაყოფილებას, რომელიც დროდადრო თავს იჩენს ხოლმე მტკივნეული ფორმებით.

ყოველ შემთხვევაში, თქვენ უნდა გახსნათ საზოგადოების ზედაპირული შრე, იპოვოთ და აღმოფხვრათ არსებული სიძულვილი და პრობლემები. ყოველგვარი ბზარი გაღრმავების ნაცვლად უნდა გამთელდეს. ტერორიზმთან ბრძოლაში ყველაზე დიდი შეცდომა ნაჩქარევი რეაქციებია, რომელიც ზრდის არსებულ სირთულეებს. ნებისმიერი ემოციური და ნაჩქარევი ქმედება, რომელიც აქტიური და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებისგან შემდგარ ევროპისა და ამერიკის ისლამურ საზოგადოებებს შიშსა და იზოლაციაში მოაქცევს და შებღალავს მათ უფლებებს, არათუ არ უშველის პრობლემას, არამედ კიდევ უფრო გააღრმავებს სიძულვილსა და წყენას. კანონიერად გამართლებულ ზედაპირულ გადაწყვეტილებებსა და რეაქციებს სხვა შედეგი არ ექნება გარდა იმისა, რომ ხელს შეუწყობს კრიზისების განვითარებას უკვე არსებული პოლარიზაციის ზრდის გზით. მიღებული ინფორმაციების თანახმად, ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ამოქმედებულია ისეთი წესები, რომელიც მოქალაქეებს მუსლიმთა წინააღმდეგ ჯაშუშობისაკენ უბიძგებს. ასეთი ქცევა ძალადობრივია და ყველამ ვიცით, რომ ძალადობა შექცევად ხასიათისაა.

მუსლიმები არ იმსახურებენ ასეთ უმადურობას. საუკუნეებია, რაც დასავლური სამყარო კარგად იცნობს მუსლიმებს. როდესაც ისინი ისლამურ ტერიტორიებს სტუმრობდნენ და ადგილობრივთა ქონებაზე ეჭირათ თვალი და ასევე იმ დროს, როდესაც მუსლიმებს მასპინძლობდნენ და მათი ინტელექტუალური და შრომითი პოტენციალით სარგებლობდნენ, მუსლიმებისგან სიყვარულისა და სიკეთის გარდა სხვა არაფერი უგემიათ. ამიტომ, თქვენ მოგმართავთ ახალგაზრდებო, სწორი ცნობიერების, შორსმჭვრეტელობისა და მწარე გამოცდილებების საწყისებზე საფუძველი ჩაუყაროთ ისლამურ სამყაროსთან სწორ და ღირსეულ ურთიერთობას. ასეთ შემთხვევაში კი, არც თუ ისე შორეული მომავლისთვის ნახავთ, რომ ასეთ მყარ საძირკველზე აგებული შენობა რწმენასა და ნდობას მოუჩრდილავს მის არქიტექტორებს. სიმშვიდისა და უსაფრთხოების სითბოთი აღავსებს მათ და ნათელი მომავლის იმედის სხივს დაადგამს ქვეყნიერებას.



სეიედ ალი ხამენეი
29 ნოემბერი 2015
8 აზარი 1394