ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ახალგაზრდობისადმი მიმართვა
საფრანგეთში და დასავლეთის ზოგ სხვა ქვეყანაში ბოლო დროს მომხდარმა მოვლენებმა დამარწმუნა იმაში, რომ თქვენთვის პირდაპირ მომემართა. მე მოგმართავთ უშუალოდ თქვენ, ახალგაზრდებს, არა იმიტომ, რომ თქვენს მშობლებს ყურადღებას არ ვუთმობ, არამედ იმ მიზეზით, რომ თქვენ გხედავთ, როგორც თქვენი ხალხების და ქვეყნების მომავალს და ასევე ვხედავ თქვენს გულებში ანთებულ ჭეშმარიტებისა და სიმართლის ძიების მისწრაფებას. ჩემი მიმართვა არ ეხება თქვენი ქვეყნების პოლიტიკოსებს და მესვეურებს, რადგან მიმაჩნია, რომ მათ შეგნებულათ დააშორეს პოლიტიკა გულწრფელობისა და სიმართლის გზას.
მინდა გესაუბროთ ისლამის შესახებ, განსაკუთრებით იმაზე, თუ როგორი სახით არის ის თქვენთვის წარმოჩენილი. ორ ათეულ წელზე მეტი, ანუ დაახლოებით საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდიდან დღემდე, მრავალი მცდელობა იყო იმისა, რომ ეს დიდი რელიგია წარმოჩენილ იქნას, როგორც საშიში მტრის ხატი. ისლამის მიმართ შიშის და ზიზღის გრძნობის გაღვივებას და მის ბოროტად გამოყენებას დასავლეთის პოლიტიკურ ისტორიაში სამწუხაროდ დიდი ხნის გამოცდილება აქვს. აქ მე არ მინდა შევეხო დასავლეთის სხვადსხვა ერებში გავრცელებულ „ფობიებს“. თქვენ თვითონ ისტორიის ბოლო პერიოდის, თუნდაც მოკლე კრიტიკული მიმოხილვითაც, კარგად დაინახავთ, რომ ახალ ისტორიოგრაფიაში დასავლური მთავრობების მსოფლიოს სხვა ერების და კულტურების მიმართ არაგულწრფელი და ფარისევლური დამოკიდებულება გაკრიტიკებულია. ევროპისა და ამერიკის ისტორია მონობის, კოლონიალური პერიოდების, განსხვავებული კანის ფერის ადამიანებისა და არაქრისტიანებისადმი უსამართლო მოპყრობის სამარცხვინო ფურცლებს მოიცავს. დასავლელი ისტორიკოსები და მკვლევარები ღრმა სირცხვილის გრძნობას განიცდიან იმ გაუგონარი სისხლისღვრის გამო, რომელსაც სარწმუნოების სახელით კათოლიკებსა და პროტესტანტებს შორის, ან სხვადასხვა ერებსა და ეთნოსებს შორის ადგილი ჰქონდა პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს.
ეს ფაქტი თავისთავად მისასალმებელია და ჩემი მიზანიც ამ გრძელი სიის ნაწილის ჩამოთვლით განვლილი ისტორიის დადანაშაულება კი არ არის, არამედ მინდა გთხოვოთ, რომ თქვენს ქვეყნებში მოაზროვნეებს ჰკითხოთ, რომ დასავლეთში საზოგადოებრივი სინდისი რატომ იღვიძებს და გონს ეგება მხოლოდ რამდენიმე ათეული, ან ზოგჯერ ასეული წლის შემდეგ? დასავლეთში კოლექტიური სინდისის გადასინჯვა ყოველთვის რატომ ვრცელდება შორეულ წარსულზე და არა დღევანდელ პრობლემეზე? რატომ ხდება, რომ მუდმივად ეწინააღმდეგებიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა ისლამურ კულტურასა და აზროვნებასთან დამოკიდებულებისადმი საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბება.
თქვენ კარგად იცით, რომ წარსულში შეურაცხყოფა, სიძულვილის გავრცელება და „უცხოს“ მიმართ წარმოსახვითი შიშის ჩამოყალიბება, ყოველგვარი ბოროტად გამოყენებისა და ძალადობის საფუძველი ხდებოდა.
ახლა მინდა გთხოვოთ, რომ შეეკითხოთ საკუთარ თავს, შიშისა და სიძულვილის ძველმა პოლიტიკამ უპრეცედენტო სიხშირით ამჯერად უკვე ისლამი და მუსლიმები რატომ ამოიღო მიზანში? რატომ სურთ მსოფლიოს სხვადასხვა ძალებს, რომ ისლამური აზროვნება მარგინალურად და სრულიად უცხოდ წარმოაჩინონ? განა ისლამის რა შეხედულებები და ღირებულებები ეღობება წინ ზესახელმწიფოთა გეგმებს და რა ინტერესებს ემსახურება ისლამის არასწორი წარმოჩენა?
ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ჩემი პირველი თხოვნაა შეისწავლოთ არსებული ფართო ანტიისლამური პროპაგანდის მოტივები. ჩემი მეორე თხოვნაა, გავრცელებული ცრურწმენებისა და დეზინფორმაციის კამპანიის საპირისპიროდ, ეცადოთ ისლამური რელიგიის შესახებ მიიღოთ პირდაპირი და უშუალო ცოდნა. სწორი ლოგიკა მოითხოვს, რომ მცირედ მაინც იცნობდეთ თუ რაში მდგომარეობს იმ რელიგიის ბუნება და არსი, რომლითაც თქვენ გაშინებენ.
მე არ მოგიწოდებთ, რომ ისლამზე ჩემი ან სხვა შეხედულებები გაიზიაროთ, არამედ მოგიწოდებთ, რომ უფლება არ მისცეთ ბინძური მიზნებით და განზრახვებით მრუდედ წარმოგიდგინონ დღევანდელი მსოფლიოს დინამიური და ეპოქალური რეალობა. უფლება არ მისცეთ, რომ მათი ბოროტი მიზნების სამსახურში მყოფი ტერორისტები ისლამის წარმომადგენლებათ გაგაცნონ.
ისლამი შეისწავლეთ უტყუარი პირველწყაროებიდან. ამ რელიგიას გაეცანით ყურანისა და მისი დიდი შუამავლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესწავლის გზით. აქვე მინდა გკითხოთ, დღემდე უშუალოდ მუსლიმთა ყურანისათვის თუ მიგიმართავთ? ისლამის შუამავლის საკაცობრიო და ზნეობრივ სწავლებებს თუ გაცნობიხართ? ისლამის შეხედულებები საინფორმაციო საშუალებების გარდა სხვა წყაროებიდან თუ მიგიღიათ? ოდესმე საკუთარი თავისათვის თუ დაგისვამთ კითხვა, რომ სწორედ ამ ისლამურმა რელიგიამ როგორ და რა ღირებულებებზე დაყრდნობით შესძლო საუკუნეების მანძილზე მსოფლიოს უდიდესი სამეცნიერო და ინტელექტუალური მემკვიდრეობის შექმნა და თავის წიაღში უდიდეს მეცნიერთა და მოაზროვნეთა აღზრდა?
მე მოგიწოდებთ, უფლება არ მისცეთ ისლამის შეურაცმყოფელი და დამამცირებელი გამოსახვით, თქვენსა და სიმართლეს შორის ემოციური ბარიერები შექმნან და წაგართვან რეალობის მიუკერძოებელი შეფასების შესაძლებლობა.
დღეს როდესაც საინფორმაციო კავშირის საშუალებებმა მოშალეს ყოველგვარი გეოგრაფიული საზღვრები, უფლება არ მისცეთ, რომ თქვენ ხელოვნური და გონებრივი საზღვრებით შეგზღუდონ. თუმცა შეუძლებელია, რომ ვინმემ ინდივიდუალურად შეავსოს არსებული ნაპრალები, მაგრამ თვითოეულ თქვენთაგანს შეუძლია საკუთარი თავის და გარშემომყოფთა გათვითცნობიერების მიზნით ამ ნაპრალებზე აზროვნებისა და სამართლიანობის ხიდი ააგოს.
თქვენსა და ისლამს შორის წინასწარ დაგეგმილ ამ არასასურველ გამოწვევებს, შეუძლიათ თქვენს ცნობისმოყვარე გონებაში ახალი კითხვები წარმოშვან და ძიებისაკენ გიბიძგონ, ხოლო ამ კითხვებზე პასუხის პოვნის მცდელობა კი, პირობას გიქმნით ახალი შეჭმარიტება აღმოაჩინოთ.
აქედან გამომდინარე მოგიწოდებთ, ხელიდან არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა, რათა ისლამის სწორი და მიუკერძოებელი გაგება მიიღოთ. იმედს გამოვთქვამ, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდებით ჭეშმარიტებას და მომავალი თაობები ისლამისა და დასავლეთის დღევანდელი ურთიერთდამოკიდებულების ისტორიას უფრო ნაკლები წყენით და დამშვიდებული სინდისით დასწერენ.
სეიედ ალი ხამენეი
ირანის ისლამური რესპუბლიკის ლიდერი
2015 წლის 21 იანვარი
source : al Mustafa
Tuesday
27 January 2015
9:52:32 AM
667456
Full Text;
Message of Ayatollah Khamenei to the Youth in Europe and North America in GEORGIAN
Message of Ayatollah Khamenei to the Youth in Europe and North America in GEORGIAN